logo
ENG



"გაუგებარი, საფუძველმოკლებული გადაწყვეტილება" - დარჩიაშვილი უკრაინის მიერ ელჩის დაბარებაზე

05 ივლ 202318:04
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უკრაინული მხარის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ელჩთან დაკავშირებით კიევის გადაწყვეტილება "გაუგებარია".

"ჩვენთვის გაუგებარი იყო და საფუძველმოკლებული ის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ უკრაინისგან, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებს არ იმსახურებენ, ჩვენ ტრადიციულად, აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმენთ საქართველოს მისამართით.

ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხის და ქვეყნის მისამართით. ჩვენ აუცილებლად მომავალში გვექნება დრო ამისთვის, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს ტრადიციულად ვარჩევთ იმ პოზიციას, რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

იმ საკითხზე, რომ დარჩიაშვილი განცხადების გაკეთებას აპირებდა, ფორმულა ინფორმირებული არ ყოფილა.

3 ივლისს სააკაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო. ვიდეოკადრებში ჩანდა მისი ფიზიკური მდგომარეობა - გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი.

სასამართლო სხდომიდან გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩანდა, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კვლავ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობით "მანიპულირებს". მისი განცხადებით, სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს სრულად ამ დრომდე არ ასრულებს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ უკრაინის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები "სამწუხარო და მიუღებელია". მისი თქმით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ.

კადრების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს საერთაშორისო მედიებმა. გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზუალურად შეცვლილია, რამაც ბევრში შეშფოთება გამოიწვია. ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ექსპრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა - მან საქართველოს ელჩს შესთავაზა, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს.


close დახურვა